საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი) 2025 წლის 19 დეკემბრის №33531/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი) შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 4 მარტის №27/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) პრეამბულის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი (ჰაბი) საზოგადოებისათვის წარმოადგენს ევროპის აკადემიის ჰაბების ქსელის ნაწილს და ხელს უწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის.”;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი/თსუ) დამხმარე სამეცნიერო ერთეულის – ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი) (შემდგომში – ცენტრი/ჰაბი) სტატუსს, საქმიანობის მიზნებსა და ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვისა და საქმიანობის წესებს.”;
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცენტრი ევროპის აკადემიის ჰაბების ქსელის წევრია, იზიარებს ევროპის აკადემიის მისიას, მიზნებსა და ამოცანებს და განავრცობს აკადემიის ქსელის საქმიანობას რეგიონში ფართო გაგებით, რომელიც მოიცავს: სამხრეთ კავკასიას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ცენტრალურ და დასავლეთ აზიას (შემდგომში – რეგიონი).”;
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია, მათ შორის, ინოვაციური ტექნოლოგიებით;”;
ე) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრის სტრუქტურა ითვალისწინებს: სამეცნიერო საბჭოს (შემდგომში – „საბჭო“), აკადემიურ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორსა და მკვლევარს.
2. ცენტრში, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, შესაძლებელია მოწვეული იქნას შტატგარეშე თანამშრომელი, ხელშეკრულების საფუძველზე.”;
ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. სამეცნიერო საბჭო
1. ცენტრს ჰყავს სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობასაც როტაციის შესაძლებლობის პრინციპითა და მოქმედი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს წევრები უნდა იყვნენ ევროპის აკადემიის წევრები (MAE) და აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ფუნქციონირებასა და საბჭოს სხდომებში.
2. საბჭო განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს, მათ შორის, ცენტრის პრიორიტეტებს, სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს.
3. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ახალი თავმჯდომარის წარდგენას ახდენს სამეცნიერო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი თავმჯდომარე დატოვებს თანამდებობას.
5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომას. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირთაგან საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს.
7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში.
9. საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ან შერეული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:
ა) თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;
ბ) საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;
გ) საბჭოს წევრის ინიციატივით, თავმჯდომარისთვის მიმართვის საფუძველზე.
10. საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ან შერეული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში:
ა) სხდომის დღის წესრიგის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალები წინასწარ ეგზავნებათ საბჭოს წევრებს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;
ბ) საბჭოს წევრები ინტერნეტის („ზუმის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობენ სხდომაში;
გ) სხდომის ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე საბჭოს წევრებს ელექტრონული ფოსტით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული სხდომის მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთარი, განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში;
ე) საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.”;
ზ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის აკადემიური დირექტორი, ევროპის აკადემიისა (MAE) და თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, რომელსაც ირჩევს სამეცნიერო საბჭო და მისი რეკომენდაციით თანამდებობაზე ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს, სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული და რექტორის ბრძანებით დამტკიცებული, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.”;
თ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ვ) ეწევა ცენტრისთვის პრიორიტეტული დაფინანსების წყაროების გამოვლენასა და ფონდების მოძიებისთვის საჭირო აქტივობებს;”;
ი) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. ცენტრის საშტატო ერთეულით განსაზღვრულ მესამე თანამშრომელს – მკვლევარს, აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.”;
კ) მე-10 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მიზნობრივი დაფინანსება (სახელფასო ფონდი, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, საწევრო გადასახადები და სხვადასხვა ხარჯები);
ბ) უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული, ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, კომუნალური და საკომუნიკაციო, ასევე საოფისე ფართის მოწყობისა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის მიზნობრივი თანხები;”.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე